Conde Nast Traveler Spain, Forbes USA, Forbes Brazil, Euronews და Yahoo France იმ 10-მდე გამოცემას შორისაა, რომლებიც პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destination რეიტინგს ეხმაურებიან და ევროპის ტურისტულ მიმართულებებთან ერთად, ბათუმზე სტატიებს აქვეყნებენ. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.
Forbes USA მილიონობით მკითხველს ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალზე, ისტორიასა და კულტურაზე ესაუბრება.
„მდიდარი ისტორიით, მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებით და ევროპის ყველაზე თამამი არქიტექტურით, ბათუმი ასევე საინტერესო მიმართულებაა გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის,“ – წერს გამოცემა.
ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საზღვაო-სამთო ტურისტულ პროდუქტებს, მკითხველს პოპულარული გამოცემა Condé Nast Traveler აცნობს.
„როცა ჭამის და დალევის დრო დგება, ბათუმი ისეთი კერძებით გაგაოცებთ, როგორიცაა აჭარული ხაჭაპური, ბადრიჯანი, ხინკალი, ან ჩიხირთმა და, რა თქმა უნდა, ბათუმს კარგი ქართული ღვინის დაგემოვნების გარეშე ვერ დატოვებთ,“ – აღნიშნულია სტატიაში.
“აღმოაჩინე შავი ზღვის რეგიონი, სადაც სანაპიროები და თოვლიანი მწვერვალები ერთმანეთს ერწყმის“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Euronews.
სტატიაში ჟურნალისტი რეგიონის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს.
„გადაეშვი აჭარის მრავალფეროვან პეიზაჟებში და აღმოაჩენ, რომ საქართველოს ეს ისტორიული რეგიონი სავსეა უძველესი არქიტექტურული მარგალიტებით, თვალწარმტაცი ბუნებითა და მღელვარე თავგადასავლებით – რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინის კულტურაზე, რომლის შესახებ იუნესკოც კი მოწმობს“ , – წერს გამოცემა.
ბათუმის კლიმატსა და აჭარის ეროვნულ პარკებზე ყურადღებას Forbes Brazil ამახვილებს.
„სუბტროპიკული და რბილი კლიმატიდან გამომდინარე, ბათუმის დათვალიერება მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. რეგიონის ეროვნული პარკები იუნესკოს სიაში შევიდა, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები,“ – აღნიშნულია სტატიაში.
European Best Destination-ის რეიტინგში ბათუმის, როგორც ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტის გამოვლენის შემდეგ, სამოგზაურო პლატფორმის გვერდზე ბათუმის მიმართულებით ინტერესი გაიზარდა.
როგორც EBD-ს წარმომადგენლები აცხადებენ, დუბლინის, ათენის, ფუნჩალის, ნოტინგემის გვერდით მომხმარებლები ბათუმის მიმართულებას აქტიურად ჯავშნიან.