რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგის პორტში 400 მილიონი ევროს ღირებულების და 115 მეტრის სიგრძის სუპერიახტა Luna დააკავა.
გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, პოლიციამ იახტის მესაკუთრის დადგენა შეძლო. ის, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი მილიარდერის ფარხად ახმედოვის საკუთრებაშია, რომელიც აპრილში ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.
115 მეტრის სიგრძის იახტა, ცხრა გემბანით და საცურაო აუზით, 2014 წლამდე მილიარდერ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნოდა, ახმედოვმა გემი აბრამოვიჩისგან 300 მილიონ დოლარად იყიდა, რის შემდეგაც იგი ბრემერჰავენში გაგზავნეს სარემონტოდ. იქ იახტა 2 მ-ით გაიზარდეს, ხელახლა შეღებეს და ძრავები გამოიცვალა.
Forbes-ი ახმედოვის ქონებას 1,7 მილიარდ დოლარად აფასებს.
ეს რუს ოლიგარქებთან დაკავშირებული მეორე იახტაა, რომელიც ჰამბურგის პორტში დააკავეს. აპრილში დააკავეს 800 მილიონ დოლარამდე ღირებულების დილბარის იახტა. გერმანიის პოლიციის ცნობით, ის ეკუთვნის რუსი მაგნატის ალიშერ უსმანოვის დას.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, სანქციების ფარგლებში, რამდენიმე სუპერიახტა ევროკავშირის პორტებში დააკავეს, რომლებიც რუსი მილიარდერების საკუთრებაში იყო, მათ შორის არის ალექსეი მორდაშოვი, გენადი ტიმჩენკო, ვიქტორ ვექსელბერგი.
7 მაისს იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა 140 მეტრიანი იახტა „შეჰერაზადეს“ დაკავების შესახებ, რომელიც ანტიკორუფციული ფონდის გამოძიებაში „პუტინის იახტის“ სახელით იძებნება. იახტა შეფერხებულია მარინა დი კარარას პორტში. მისი ღირებულება 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
აპრილის ბოლოს შეერთებულ შტატებში შევიდა კანონპროექტი, რომელიც კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს, მათ შორის იახტებს და მათი გაყიდვიდან მიღებული თანხის უკრაინისთვის იარაღისა და ჰუმანიტარული დახმარების შესაძენად გამოყენებას.