რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მიიჩნევს, რომ დანარჩენ საქართველოსთან პირობით საზღვარზე გამშვები პუნქტების გახსნა შესაძლებელია „სამხერთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შემდეგ. ამის შესახებ ბიბილოვმა, ახალგორელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეგრამ- არხზე დაწერა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ პრეზიდენტმა „რაზდახანის“ (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. ამის შემდეგ გზა რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.
„ლენინგორელებისთვის (ახლგორელებისთვის) მთავარი საკითხი არის გზა. გამშვები პუნქტების გახსნა ორი გზითაა შესაძლებელი – დიპლომატიური და რუსეთთან შეერთებით. მოტყუებით გზის გასხნა არ შეიძლება“,- განაცხადა მან.
ბიბილოვის თქმით, მისთვის გზის გახსნა ჰუმანიტარული საკითხია.
„ვიცი, რომ თითოეულ აქ მყოფს საზღვრის გარეთ ნათესავები ჰყავს, შვილიშვილები, შვილები, რომლებთანაც ლენინგორელებს (ახალგორელებს) პროდუქტები მიაქვთ და მათი ნახვა სურთ და ამ საწყალი ხალხის მოტყუებას ცდილობენ, სარგებლობენ მათი იმედით, მათი საჭიროებების პოლიტიზირებას ახდენენ. უნამუსობაა. ფიქრობთ, არ ვიცოდი, გზა რომ დამეკეტა ლენინგორის (ახალგორის) რაიონი ხმას არ მომცემდა? ვიცოდი. ასევე ვიცოდი, რომ მისი დაკეტვა აუცილებელი იყო. მაგრამ ხალხის მოტყუებას და ცრუ დაპირებებით მათ კვებას ხმებისთვის მე არ ვიზამ“,- თქვა ბიბილოვმა.
ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ამ საგუშაგოს აღებამდე, ახალგორი ჩაკეტა.
ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს – დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნის.
მანამდე ბიბილოვმა სიცრუეში დაადანაშაულა ოპონენტები, რომლებიც, მისი თქმით, ახალგორელებს თითქმის სამი წლის წინ დაკეტილი გზის გახსნას დაჰპირდნენ. თუმცა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ აღდგომის დღესასწულებზე 21-დან 25 აპრილის ჩათვლით ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის განკარგულებას ხელი მოაწერა.
ე.წ. არჩვენების მეორე ტური ცხინვალში 8 მაისს უნდა გაიმართოს.