„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ის დაეხმარება გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში 14 ჰექტარ ფართობზე მოცვის ბაღები გაშენდების პროექტს.
„საქართველოს ბანკის“ განცხადებით, პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 1 320 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. პარტნიორობის ფარგლებში „ქართული მოცვის კომპანია“ წელიწადში 170 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს მიიღებს და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ევროპასა და სხვა რეგიონებში განხორციელდება.
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც 14 ჰექტარ ფართობზე მოცვის ბაღების გაშენებას გულისხმობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია ტერიტორიის მოსამზადებლად და ლურჯი მოცვის ნერგების დასარგავად მივმართეთ. წელიწადის განმავლობაში, ველით 150-170 ტონა მოსავლის აღებას, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონში მუდმივად 15-20 ადამიანი, ხოლო სეზონურად 50-60 ადამიანი დასაქმდება. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა “, – კომპანიის მფლობელმა მარიამ შარაშიძემ განაცხდა.
„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სანდრო ძაგნიძის განცხადებით: „საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ „ქართული მოცვის კომპანიის“ განვითარებაში. გვჯერა, მსგავსი პროექტები საქართველოს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს , როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებასა და აგროსექტორის განვითარებაში. მეტი ანალოგიური ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის გაძლიერებაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“.