Tuesday, December 5, 2023
spot_img
მთავარისამართალიდაკავებული დეტექტივი დუმილის უფლებით სარგებლობს

დაკავებული დეტექტივი დუმილის უფლებით სარგებლობს

პროკურორის, განცხადებით, პოლიციის შესახებ კანონში მკაცრად განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სამართალდამცავს ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა.

18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

ბრალდებული დეტექტივის საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, პოლიციის შესახებ კანონში მკაცრად განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სამართალდამცავს ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა. ქუთათელაძის თქმით, ბრალდებულ დეტექტივს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა.

პროკურორის განმარტებით, დაკავებული დეტექტივი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. ქუთათელაძემ როგორც სასამართლო პროცესზე, მომხდარის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„ქრონოლოგია ასეთია – პოლიციაში შეტყობინება შევიდა შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ, შედეგად შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოცხადდა პოლიციის რიგითი თანამშრომელი – ბრალდებული დეტექტივი და მისი სამმართველოს უფროსი. ისინი შეთანხმდნენ, რომ უშუალოდ შესაძლო დამნაშავე პირთან რიგითი თანამშრომელი მივიდოდა და სამმართველოს უფროსი ავტომობილში დარჩებოდა. პოლიციის თანამშრომელმა, როცა გარკვეული ინფორმაცია მიიღო შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, გადაწყვიტა პირის დაკავება, დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა სიტუაციას გარიდებოდა, ამ პერიოდში ბრალდებულმა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და დასაკავებელ პირს მოუწოდა, დამორჩილებოდა მის მოთხოვნას, მისი დაკავების ღონისძიების შესახებ, თუმცა, აწ გარდაცვლილი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა, რა დროსაც პოლიციის რიგითი თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მას ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მოქმედებაში ჰქონდა მოყვანილი, ამ მდგომარეობის გათვალისწინებითაც კი, მის შებოჭვას შეეცადა, ბუნებრივია, იარაღი ხელში ჰქონდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა მას წინააღმდეგობა გაუწია, შემთხვევითი გაუფრთხილებლობით სროლა მოხდა”,- განაცხადა ქუთათელაძემ.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, გამორიცხული არ არის და შესაძლოა, სხვა პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ქუთათელაძემ დაკავებულ დეტექტივის დაზიანებაზე ისაუბრა.

” მარცხენა ფეხთან, მცირე ზომის ნაკაწრი გახლავთ, კონკრეტულად კოჭთან, ეს არის დაზიანება, რომელიც დაკავების მომენტში ბრალდებულს ჰქონდა, დაკავების მომენტში მისი პირადი ჩხრეკა მოხდა, მას სხვა სახის დაზიანება არ გააჩნდა. ამ ეტაპზე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი იკვეთება იარაღით და ასევე, მის მიერ სიცოცხლის მოსპობის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი. გამოძიება გრძელდება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება, შეიძლება გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე პირი. ამ ეტაპზე, მტკიცებულებათა ერთობლიობით. მხოლოდ ერთი პირის ბრალეულობა იკვეთება, შესაძლოა, როცა საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება,სხვა პირის ბრალეულობა გამოიკვეთოს.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები