Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებადღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში

დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ  რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამია მოსანახულებლად მივიდა. სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იმ საქმეზე დადგა, რომელშიც დანაშაულის ნიშნებს საერთოდ არ იკვეთება.

„ჩემი მოსვლის მიზანი არის ის, რომ მოვინახულო პატიმარი, რომლის მიმართაც სახალხო დამცველის შეფასებით, დღეს კანონთან შეუსაბამო განაჩენი დადგა. სახალხო დამცველის აპარატს ბრალი, სადაც განაჩენი დადგა, დეტალურად გვაქვს შესწავლილი. ვფიქრობთ, ამ საქმეში არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია, არამედ არც საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა ჰქონოდა მსგავს დავას წარმატება მომჩივნის მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, დარღვეულია კანონიერების პრინციპი, ასევე სტრასბურგის ევროკონვენციის მეშვიდე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთვის, რაც დანაშაულად არ ითვლება. ვფიქრობთ, აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, რა არის ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზანი, ლომჯარია ამბობს, რომ ეს პროცესი „კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული მტრული გარემოს გაგრძელება და რადიკალური გამოვლინებაა“.

„ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედია მფლობელების და მენეჯერების მიმართ, ფიზიკურ თავდასხმებს და დისკრედიტაციების მცდელობებს, დღეს კი ალბათ კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც დანაშაულს საერთოდ არ წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ ხდება. ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში. დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი გვარამიას მიმართ განაჩენის შესახებ საკუთარ სამართლებრივ შეფასებას საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობს.

„ვაპირებთ ჩვენი მანდატის ფარგლებში დეტალურად გავეცნოთ განაჩენს. აუცილებლად გვექნება დამატებითი სამართლებრივი შეფასებები, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდებთ. ვფიქრობ, ამ საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმატება ექნება, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები