2022 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის ასმეოთხე წელს აღნიშნავს. თუმცა სახელმწიფო კვლავ გამოწვევების წინაშეა, ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენის და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინიშია.
წლევანდელი, დამოუკიდებლობის დღის სლოგანია: „ევროპისკენ“. თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის გარდა, წელს პირველად ევროკავშირის ჰიმნიც შესრულდება.
დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ თბილისსა და საქართველოს კიდევ 15 ქალაქში, სადაც კონცერტების და გამოფენების გარდა, წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა. 26 მაისს, ტრადიციულად, ფიცს წვევამდელები დადებენ. ეს ცერემონია 12:00 საათზე ერთდროულად დაიწყება თბილისის თავისუფლების მოედანზე, ფოთში, დმანისში, ხევსურეთის გუდანის ჯვართან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რეკრუტებთან ერთად მსვლელობით საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფები და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების არმიის წარმომადგენლებიც ჩაივლიან.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი თბილისში მიიღო, ეს მოხდა გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991წლის 9 აპრილს აღიდგინა.