შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.
“ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ კი, 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის – 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები ნახეს, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.გ.ბ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღები, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები ამოღებულია ნივთმტკიცებად”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტორში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.