პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დასმულ კითხვას გამოეხმაურა და განაცხადა: “ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება, ვერც რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მით უმეტეს, ვერც გათავისუფლების ან შინაპატიმრობის საფუძველი“.
მისი თქმით, საპატიმროებში ვითარება რადიკალურად არის გაუმჯობესებული მომსახურების თვალსაზრისით:
„ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა ციხეებში. დღეს არის 12-ჯერ შემცირებული ეს სტატისტიკა, იმიტომ, რომ არის სრულიად სხვა მომსახურება და პირობები. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ასე შემდეგ, ეს წარმატებული ვერ იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელიც უკმაყოფილოა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მოითხოვს მის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა, აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიწყეს აქციები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის მოთხოვნით.