რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვა“-ს ჩაძირვის შემდეგ, უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა საფოსტო მარკაზე, რომელზეც გამოსახულია კრეისერი და ცნობილი ფრაზის: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ…“-ის ავტორი, უკრაინელი მესაზღვრე რომან გრიბოვი.
უკრაინის ფოსტამ ეს მარკა მიმოქცევაში ჯერ კიდევ რუსული კრეისერის ჩაძირვამდე, 12 აპრილს გაუშვა. 14 აპრილს, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მოსკვა“ შავ ზღვაში ჩაიძირა, უკრაინის საფოსტო განყოფილებებთან ამ მარკის შესაძენად რიგები დადგა.
მარკების ალბომთან ერთად გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გამოაქვეყნა.