ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხვოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს რუსთავის ციხესთან და ბათუმში აქციები გაიმართება.
„მოვითხოვთ:1. მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში; 2. შეწყდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა; მანამდე სანამ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ჩვენ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა: 1. ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად წარიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოგვიერთდნენ, რათა ჩვენი სიჩუმით არ გავხდეთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე”,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.