„მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის განცხადებას გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.
მინისტრის თქმით, პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს.
„ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მას ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სხვას, ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.