Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისამართალიმოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს 16 მაისს დამოიტანს

მოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს 16 მაისს დამოიტანს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა. სწორედ ამ დღეს ისარგებლა ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით.

გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, მან ოჯახის წევრებს, “მთავარ არხს”, ბიძინა ივანიშვილს და მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არარსებულ დანაშაულებს საკუთარ თავზე იღებდა. გვარამიამ მოსამართლეს სამართლიანობისკენ მოუწოდა. „მე ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. თქვენც მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი”, – უთხრა გვარამიამ ლაშა ჩხიკვაძეს.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ადანაშაულებენ, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები