ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, „ომის გამჩაღებელი“ რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, არამედ მთელი რეჟიმის გადაყენება.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები აქამდე ორიენტირებულები იყვნენ უკრაინის ომისადმი “ტაქტიკურ მიდგომაზე”, რაც ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებას გულისხმობს. თუმცა, ლანდსბერგისის ამბობს, მათ ასევე სტრატეგიულად გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იფიქრონ და სანამ პუტინი და მისი თანამზრახველები არ წავლენ, მსოფლიო მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა “შეიძლება კვლავ იომოს ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ”.
„არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ელიან, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ ომის დასრულებას და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვეულ საქმეს. რუსეთი გასულია ცივილიზებული მსოფლიო წესრიგიდან, ისინი მას აღარ ეკუთვნიან“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„ომის გამჩაღებელი სახელმწიფო მაშინ დასრულდება, როცა რუსეთში რეჟიმი დასრულდება“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ის არ თვლის, რომ პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორებისთვის კონკრეტული ზომების მიღება საჭიროა.
„შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს მის შეცვლას, რადგან ჩვენ არ გვაქვს რაიმე აქტიური საშუალება მის შესაცვლელად. ამიტომ ის შიგნიდან უნდა შეიცვალოს.“- ამბობს გაბრიელიუს ლანსბერგისი.
ლანდსბერგისმა განმარტა, რომ რუსეთის შესაჩერებლად ხელისუფლებიდან მხოლოდ პუტინის ჩამოშორება საკმარისი არ იქნება, რადგან “ეს მთელი სისტემაა”.
„პუტინი შეიძლება ავად იყოს, ის შეიძლება გვერდზე გაწიოს მისმა ახლო წრემ, რომელიც, ალბათ, საკმაოდ უკმაყოფილოა ბრძოლის ველზე დანაკარგებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვლება რეჟიმი ან მისი დამოკიდებულება, შეიცვლება ომის გაჩაღების დამოკიდებულება,“ – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი „უფრო და უფრო პარანოიდული გახდება იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია ენდოს და იგრძნობს, რომ მის ირგვლივ უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდება ბრძოლის ველზე დანაკარგების გამო და ამან შეიძლება მისი ნაბიჯები უფრო არასტაბილური გახადოს.”
„ასეთმა არასწორმა საქციელმა შეიძლება მიიყვანოს ის ნატო-ს ქვეყანაზე დარტყმამდე, ამიტომაა ნატო-ს გადაწყვეტილებები ასე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ლიეტუვა – გეოგრაფიულად რუსეთთან ერთ-ერთი უახლოესი ნატო-ს წევრი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დაცული ვართ”, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.