სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც ქართულ ოცნებას მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ვეტო არ დაადო.
ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძვლად ორგანოს “მოქმედება/უმოქმედობის” კონსტიტუციურობასაც ითვალისწინებს, საკანონმდებლო მაცნეში 27 აპრილის თარიღით უკვე აისახა. აღსანიშნავია, რომ ამ კანონში ბოლო ცვლილება 2018 წელს შევიდა.
კანონპროექტი მმართველმა გუნდმა მას შემდეგ მოამზადა, პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა, რომ პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე ხელისუფლებისგან უარი მიიღო და პირადი კონტაქტები გამოეყენებით გამართა შეხვედრები.
ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებების არაკონსტიტუციური იყო და სარჩელის შეტანამდე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე დაიწყეს საუბარი.
პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა სიმართლე თქვა ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტთან დაკავშირებით, ე.ი მან კონსტიტუცია დაარღვია და “ამაში გაერკვევიან”.
15 მარტს კი საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს. განცხადებაში ხელისუფლებამ პრეზიდენტი “კონსტიტუციის დარღვევისთვის” გააკრიტიკა.