ქვეყანაში ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბლის იმპორტის კლების პირობებში, რამდენიმე დღეში ყველა ადგილობრივი წისქვილკომბინატი გაჩერდება. ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში დაახლოებით 50-მდე წისქვილკომბინატი მოქმედებდა, რომელთაგან 20 საშუალო და მსხვილია, გასული წლის შემდეგ რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საექსპორტო ბაჟის გამო, ამ საქონლის იმპორტის კლებამ მცირე წისქვილკომბინატების გაჩერება უკვე გამოიწვია, დღეისთვის კი საშუალო და მცირე ხორბლის გადამამუშავებლებიც ჩერდებიან, რადგან ქვეყანაში ხორბლის მარაგები იწურება.
„ქვეყანაში ხორბლის მხოლოდ 10 დღის მარაგი გვაქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პურის ქარხნებს ფქვილი არ მიეწოდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ფქვილის იმპორტი გაზრდილია, არსებული ფქვილის მარაგები უკვე ქარხანაშია. თვეების განმავლობაში ხორბლის მარაგების შემოტანა არ ხორციელდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის და ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით დაბეგვრის განსხვავებული საბაჟო რეჟიმი მოქმედებს. ფქვილის იმპორტისას გადასახადი ნულის ტოლია, ხორბლის შემთხვევაში კი რუსეთიდან ხორბლის შემოტანისას გადასახდელი ბაჟი 120 დოლარია.
გასული წლის ამავე თვესთან შედარებით ფქვილის იმპორტი 11-ჯერ გაიზრდილია.
ხორბლის მარაგების ამოწურვა პრობლემას ადგილობრივ წარმოებებს უქმნის – წისქვილები და ინდუსტრია ჩერდება, პრობლემაა, რომ ფქვილთან ერთად ქატო არ იფქვება, რაც მეცხოველეობაში მოიხმარება და ინდუსტრიაში დასაქმებული რამდენიმე ათასი ადამიანი უმუშევრად რჩება. დღეისთვის დიდ წისქვილკომბინატებს მცირე ნაშთები აქვთ დარჩენილი, რომელთა ამოწურვის შემდეგ ისინიც გაჩერდებიან“, – განაცხადა სილაგავამ.
ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ დღეს აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის მთავრობის მეთაურს მიმართა და მინისტრთა კაბინეტის მხრიდან კონსოლიდირებული პოზიციის მოსმენას ელის. „ჩვენ დღეს განცხადებით პრემიერ მინისტრს მივმართეთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად გვინდა ერთიანი კონსოლიდირებული გადაწყვეტილების მიღება და პრემიერთან ამ საკითხზე კომუნიკაცია. გვინდა გრძელვადიანად ვიცოდეთ, შეგვეძლება თუ არა წისქვილების მუშაობის გაგრძელება, თუ ფაქტობრივად ჩვენც ფქვილის იმპორტზე უნდა გადავიდეთ, რა დროსაც წისქვილკომბინატები იმპორტიორებად გადაიქცევიან და აღარ იქნება ადგილობრივი წარმოება“. – აღნიშნა სილაგავამ.