რუსეთის შორეულ ადგილებში შექმნილია 66 ბანაკი, სადაც რუსებმა უკრაინიდან ევაკუირებული უკრაინელები იძულებით გადაასახლეს. ბანაკები ყოფილი საბჭოთა სანატორიუმების და სხვა შენობებში განთავსებული, ციმბირის, კავკასიის, არქტიკული წრის და შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით.გადასახლებულთა შორის არიან მარიუპოლიდან დევნილებიც.
მოსკოვმა გასცა ბრძანება, რუსეთის შორეულ ნაწილში სოფლები და ქალაქები 100 ათასი “ლტოლვილის” მისაღებად მოემზადებინათ. აგრესორი სახელმწიფო ირწმუნება, რომ მათ საომარი ზონებიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანის “ევაკუაცია” მოახდინეს. აქტივისტი ტანია ლოშკინა, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომდგენელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ამბობს, რომ არსებობს მარტივი მტკიცებულებები იმისა, რომ ათასობით უკრაინელი ქვეყნიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. “როცა ადამიანებს მხოლოდ 2 არჩევანი აქვთ – ან დარჩნენ იმ ადგილებში, რომლებიც მუდმივად იბომბება ან გადავიდნენ ოკუპანტის ტერიტორიაზე – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ეს იძულებით გადაცემაა. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ, რომ ეს ხდება.ადამიანები, რომლებსაც სურთ ევაკუირება უკრაინის უსაფრთხო ადგილებში, რუსეთში ხვდებიან – ზოგ შემთხვევაში უკრაინის თუ ევროპის საზღვრებიდან ძალიან შორს. ისინი მოწყვლადები და უქონლები არიან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე”. – აცხადებს ლოშკინა.
ბანაკები განთავსებულია ათასობით სანატორიუმსა და ყოფილი საბავშვო ბანაკების შენობებში, ასევე, განსახლების წერტილებს შორის მოხვდა ქიმიური იარაღის ყოფილი ნაგავსაყრელი. ბანაკები მდებარეობს დროის 11 სხვადასხვა ზონაში, ბელგოროდიდან ურალის მთების მიღმა, კამჩატკის ნახევარკუნძულამდე და ვლადივასტოკში, ტრანს-ციმბირული რკინიგზის ბოლოს.
გადასახლებულთა შორის 621 ბავშვია. მთლიანობაში 66 ბანაკში იმყოფება 10 800 ადამიანი, მათგან 1000 – ბავშვი. ბანაკის ყოველი მესამე მცხოვრები მარიუპოლიდანაა. თითოეულ ბანაკში საშუალოდ 162 ადამიანია. მათ არ აქვთ ფული, ტელეფონები და დოკუმენტაცია, შესაბამისად, ადგილის დატოვება მათთვის უდიდესი საფრთხის შემქმნელია. თუმცა, ადამიანის უფლებათა რუსმა აქტივისტებმა, რომლებმაც იატაკქვეშა მოძრაობა შექმნეს, უკრაინელებს ამ ბანაკებიდან გაქცევაში ეხმარებიან. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ “რუსეთი ამ ადამიანებს უყურებს, როგორც მშრომელ ძალას, როგორც რაღაც ობიექტებს და არ აინტერესებს მათი საჭიროებები. ისინი მოწყვლადები არიან და დახმარება სჭირდებათ”. “არსებობს მოძრაობა – გროვდება ფული მატარებლის ბილეთებისთვის, ეხმარებიან ბავშვების ტანსაცმლითა და სათამაშოებით, აძლევენ ხალხს მათთან სახლებში რამდენიმე დღით დარჩენის საშუალებას. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას ამ ადამიანების შესახებ და ეხმარებიან მათ საზღვრამდე მისვლაში”. – თქვა აქტივისტმა. ზოგიერთი უკრაინელი ასეთი ბანაკიდან უკვე გაიქცა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთსა და საქართველოში. არსებობს ცნობები, რომ ზოგმა მათგანმა შეძლო ყაზახეთშიც გადასვლაც. ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინელებს იძულებით ასახლებს რუსეთის შორეულ ნაწილებში, უკრაინის სახალხო დამცველმა, რამდენჯერმე გაავრცელა .