ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შევსებული კითხვარის მეორე ნაწილს საქართველო ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს. ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„დავასრულეთ კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.
როგორც თქვენთვის ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა სახელმწიფო უწყებას, საქვეუწყებო დაწესებულებებს, ვინც იღებდა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღნიშნული სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში.