საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხდებით, უსაფრთხოების რისკები გაზრდილია. როგორც მან თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, თავდაცვის ძალების მზადყოფნა და ნაბიჯები ამ მიმართულებით გამოწვევების ადეკვატურია.
„რისკები აქამდეც არსებობდა და ეს რისკები არის გაზრდილი, ჩვენ ვისაუბრეთ იმ მზადყოფნაზე და ნაბიჯებზე, რომელსაც ვახორციელებთ გამოწვევების ადეკვატურად. თავდაცვის ძალებს გააჩნია 10- წლიანი განვითარების გეგმა, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. თავდაცვის ძალების განვითარება და აღჭურვა, მათ შორის, წვრთნა, განათლება, სრულ თანხვედრაშია ნატო-ს სტანდარტებთან და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს ეს პროცესი”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
მისი განცხადებით, აშშ-სა და ნატო-ს წარმომადგენელთა განცხადებების პარალელურად, დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდება.