საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. რომელშიც ნათქვამია, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 – საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ უკვე ჩაუტარდა და როგორც ექიმები ამბობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან”,- ნათქვამია განცხადებაში.