შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს უკრაინის დელეგაციაში ჩასმას სთავაზობს. ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
“ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული – ოპოზიციის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ. შევთავაზეთ, თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა, არ იყო თანხმობა და შემდეგ, გადაწყდა რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი იყოს.
“მართალია, ამ შემთხვევაში, უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ არ გაიზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო “, – თქვა პაპუაშვილმა.
ახლა ორგანიზაციულ საკითხებს არკვევენ და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს სთხოვს, მიაწოდოს იმ პოლიტიკოსის ვინაობა, ვის ჩასმასაც ისურვებდნენ უკრაინის დელეგაციაში:
” ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან მექნება კომუნიკაცია, რადგან გვესმის ყველას, რომ არ არის ადვილი ამ ვიზიტის ორგანიზება, ვინაიდან საკმაოდ საჩქარო საკითხია”.
გუშინ, 13 მაისს ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.
ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ დელეგაციის მოცულობას ზრდის. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა სადღაც 15-20 კაციანი დელეგაცია. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხაროა, რომ არ არიან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ ალაპარაკდნენ.