უკრაინაში ვიზიტით წასვლის მსურველი საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ვიზიტით საპარლამენტო დელეგაცია მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავს უკრაინისადმი.
“დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში. ჩვენ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ დავუფიქსირებთ მხარდაჭერას. ჩვენ სოლიდარულები ვართ და ამ რთულ მომენტში უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ.” – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობაწარმომადგენლობითია და “მერწმუნეთ დღეს ნაკლებად აინტერესებს ვინმეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თუ რომელიმე სხვა ფრაქციიდან ერთი ადამიანით მეტი თუ ნაკლებია ამ დელეგაციაში. ეს მეათეხარისხოვანი საკითხია”.
პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლის, პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ეს ვიზიტი “შემობრუნების წერტილი იქნება დაბალი ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის“. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, უკრაინაში დღეს გაემგზავრება და ვიზიტი ერთ დღიანი იქნება.