ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაფიით, რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ნადირაძე ადგილზე გაეცნენ.
„აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მონოლითური კიბის საფეხურები შეიმოსება ბაზალტისა და ეკლარის ფილებით, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები, შეიცვლება სადრენაჟე სისტემა და განახლდება ლამპიონები. 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 741 191 ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს ასრულებს შპს „ბრიტანია ქონსთრაქშენი“.
საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კუპრაძის ქუჩაზე, სადაც განახლდება საასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და დახურული ტიპის სანიაღვრე, ეზოების შესასვლელები გაკეთდება. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,გზამშენი XXI” . კუპრაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 223 300 ლარია განსაზღვრული .
ბუკიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას შპს „Georgian Build“ აწარმოებს. 2 222 220 ლარი გზის საფარის განახლებისთვის, სანიაღვრეებისა და ტროტუარების მოსაწყობად დაიხარჯება“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაწყებულია ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია -განახლდება და სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა შენობის ფასადი, ინტერიერი, სახურავი, სველი წერტილები, განათების და გათბობის სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები. სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინასებული და მისი ღირებულებაა 1 583 866 ლარი. სამუშაოებს შპს „მშენჯგუფი“ აწარმოებს.
საყრდენი კედლები მწვანე ყვავილას ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე მოეწყობა. რკინა-ბეტონის მონოლითური კედლები ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებს ნაშალი მიწის ფენებისგან დაიცავს. სამუშაოებს შპს „ევროტექნიქსი“ ასრულებს. საყრდენი კედლების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეტაპობრივად სხვა უბნებშიც მოეწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება კუპრაძის და ბუკიას ქუჩებზე, საყრდენი კედლები ეწყობა მწვანეყვავილას ქუჩაზე. პროექტები ხორციელდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან, ასევე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში“- განაცხადა ხახალეიშვილმა.