ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით სამ ადამიანი დაავადდა. პაციენტები თბილისის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყირიმ–კონგოს ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში გამოვლინდა, დაავადებულია ორი შუახნის ქალი. ერთი მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე კი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ყირიმ–კოგოს მესამე შემთხვევა დაბა ასპინძაში გამოვლინდა, დაავადებულია 30 წლამდე მამაკაცი, ისიც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„მუნიციპალიტეტის ორ წერტილში ეპიდაფეთქებაა. პრევენციული ღონოსძიებები მიმდინარეობს, ვიკვლევთ კონტაქტებს, ვაფრთხილებთ მოსახლეობას. არის საშიშროება, რომ ოჯახის წევრებსაც გადაედოთ, რადგან აღნიშნულ პაციენტებს სახლში ყოფნისას მაღალი ტემპერატურა გამოუვლინდათ. მაშინ,როცა ჰემორაგიული ცხელება აქვს ადამიანს,უფრო მეტია გადამდებლობა. ეს საფრთხე 12–14 დღის განმავლობაში არსებობს“, – განაცხადა მზია პაპაშვილმა.
ყირიმ–კონგოს შემთხვევები მუნიციპალიტეტში გასულ კვირას დაფიქსირდა. ამჟამად პაციენტებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებსაც აკვირდებიან. დაავადების გადადების საფრთხე სიმპტომების გამოვლენიდან 12–14 დღეა. ცხოველთა ტკიპები, რომლებიც ვირუსის გადამტანები არიან, ზაფხულში აქტიურდებიან. ეს დაავადება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. სამცხე-ჯავახეთი კი, ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.