სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო, დაავადების გადამტანი ჰექტოპარაზიტები ზაფხულში, ტემპერატურის მატებისას აქტიურდებიან. განსაკუთრებით საშიში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებაა, რომელმაც ლეტალური შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ; მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის რამდენიმე სოფელში ფართობები ტკიპის საწინააღმდეგო ხსნარით დაამუშავეს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.