Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკაწელს მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 2,5%-მდე შეამცირა

წელს მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 2,5%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შენელდება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიოს ქვეყნებზე.

„მთავარი დარტყმა მოსალოდნელია ევროპის და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე.

წელს მოსალოდნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ვარდნა 4.1 პროცენტით, ომამდე პროგნოზირებული 3-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, რამდენადაც ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ემატება COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის მიმდინარე ზემოქმედებას. ბოლო წლების განმავლობაში ეს მეორე ეკონომიკური რეცესია იქნება, რომელიც თავისი მასშტაბით ორჯერ გადააჭარბებს პანდემიით გამოწვეულ 2020 წლის ეკონომიკურ ვარდნას.

უკრაინის ეკონომიკაში სავარაუდოდ 45.1 პროცენტიანი ვარდნა არის მოსალოდნელი, თუმცა, მისი სიმძლავრე დამოკიდებული ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე იქნება. უპრეცედენტო სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია, რის გამოც მთლიანი გამოშვება 2022 წელს 11.2 პროცენტით შემცირდება.

„ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბი შემაშფოთებელია. რუსეთის შეჭრა მასიურ დარტყმას აყენებს უკრაინის ეკონომიკას და უდიდესი ზიანი მოაქვს ინფრასტრუქტურისთვის“,- აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ.

„უკრაინა დაუყოვნებლივ საჭიროებს მასიურ ფინანსურ დახმარებას, რამდენადაც მას უწევს ეკონომიკის ფუნქციონირების შენარჩუნება და ამასთან ერთად, მთავრობა ცდილობს უკრაინელი მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებიც იტანჯებიან და უკიდურესად მძიმე სიტუაციასთან ცდილობენ გამკლავებას.

უკრაინაში მიმდინარე ომი სავარაუდოდ, ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზეც ვაჭრობის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო. ომის დაწყების შემდეგ, ნავთობის და სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა გაურკვევლობისა და რუსეთისა და უკრაინის მხრიდან მიწოდების შეფერხების გამო. ეს ზემოქმედებები გამოიწვევენ საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას და მოსალოდნელია, 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5 პროცენტიანი ზრდის 2,5 პროცენტამდე ვარდნა. საბაზისო პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენას 2023 წლიდან ვარაუდობს, რამდენადაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქება, ტურიზმის გამოცოცხლება და ეკონომიკური კავშირების აღდგენა ფისკალური სტიმულის ეტაპობრივი შემცირებით ნაწილობრივ დაბალანსდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველით 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება, რომ მართოს ომით გამოწვეული ზემოქმედება გონივრული ფისკალური და გარე ბუფერების მეშვეობით და მტკიცე მაკრო-საფინანსო ჩარჩოთი. საბანკო სექტორი კრიზისში შედარებით ძლიერი პოზიციით შედის, სამთავრობო დეპოზიტები მნიშვნელოვანი მოცულობისაა და ვალი მდგრადობას ინარჩუნებს. ახლა საჭიროა გაგრძელდეს ეკონომიკის გონივრული მართვა, დაზარალებული ბიზნესებისა და ოჯახების მხარდაჭერა და ამავდროულად, სტრუქტურული რეფორმების გაძლიერება პროდუქტიულობის გაზრდის, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების შედეგებზე რეაგირების მიზნით“,- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

ომმა გაზარდა მკვეთრი გლობალური ეკონომიკური ვარდნის, ინფლაციისა და ვალის გაზრდისა და სიღარიბის დონის მატების საფრთხე. ეკონომიკური ზემოქმედება მრავალი არხის მეშვეობით გამოიხატა, მათ შორის, სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე, ვაჭრობის და მიგრაციის კავშირებზე, და ნდობაზე უარყოფითი ზემოქმედების ჩათვლით.

ომით გამოწვეული ღრმა ჰუმანიტარული კრიზისი თავდაპირველი გლობალური შოკის გამოხატულებაა, რომელიც კონფლიქტის გრძელვადიანი ეფექტი იქნება. მოსალოდნელია, რომ ლტოლვილების ტალღა უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში წინა კრიზისებს გადააჭარბებს. შედეგად, მასპინძელი ქვეყნების და ლტოლვილთა თემების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, და მსოფლიო ბანკი ამზადებს ოპერაციული დახმარების პროგრამებს მეზობელი ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ლტოლვილების მზარდი რაოდენობის გამო.

ომით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდა ასევე ხაზს უსვამს ენერგოუსაფრთხოების საჭიროებას განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მიწოდების გაძლიერების და ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების საშუალებით.

მსოფლიო ბანკის საპასუხო ღონისძიებები უკრაინაში მიმდინარე ომზე – მსოფლიო ბანკი სწრაფ ღონისძიებებს ახორციელებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. 24 თებერვალს, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საგანგებო დაფინანსების პაკეტის მობილიზება განახორციელა 925 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ეს დაუყოვნებელი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ხელფასების გადახდას ჰოსპიტლებში მომუშავე პერსონალისთვის, პენსიების გადახდას მოხუცებისთვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოწყვლადი მოსახლეობისთვის. სწრაფი დაფინანსება მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხრიდან უკრაინისთვის მომდევნო თვეებისთვის გამოყოფილი 3 მლრდ. აშშ დოლარის პაკეტის ნაწილია. რუსეთის შეჭრამ უკვე გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა უდიდესი კრიზისი ევროპაში. მსოფლიო ბანკი მხარდაჭერის ფორმებს განიხილავს მასპინძელ ქვეყნებში ლტოლვილთა დასახმარებლად.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები