საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს ბრალი ჯგუფურად სქესის ნიშნით ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვით ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისთვის წარუდგინა. 2022 წლის 18 სექტემბერს 8 წელი გავა მას შემდეგ, რაც საგარეჯოს რაიონში, სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი მოიკლა. “საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ, სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს”, – აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.