ჯეიმს აპატურაიმ სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოში კიბერუსაფრთხოებს საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების ცნობით, NATO-ს დელეგაციის ციფრული მმართველობის სააგენტოში ვიზიტის მიზანს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, შესაბამისი პერსპექტივებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში სააგენტოს უფლებამოსილების, მისი ძირითადი საჭიროებებისა და საქართველოს საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩარჩოების შესახებ.
,,სრულად ვიზიარებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, რომ ასეთ დროს ფხიზლად უნდა ვიყოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ და გავაძლიეროთ კიბერუსაფრთხოება იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ“, – აღნიშნა დავით ნადირაშვილმა.