ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე კომიტეტის დახურულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
მან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„მე აქ ვიმყოფები ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ევროპაში სხვა პარტნიორების მიმართ“. – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
„მართალია, რომ ვითარება უსაფრთხოების მხრივ გაუარესდა, ეს ცხადია. მაგრამ, რაც არ შეცვლილა, ესაა ნატოს ერთგულება მისი ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ჩემი აზრით, ძალიან ნათელია, რომ ეს ახლაც ასეა საქართველოსთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როდესაც ნატოს ლიდერები შეხვდებიან მადრიდში, ივნისის ბოლოს, განაცხადებენ, რომ ჩვენი ერთგულება ღია კარის მიმართ კვლავ ნათელია“. – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მისი თქმით, საქართველომ კიბერუსაფრთხოება უნდა გააძლიეროს.
„რუსეთი კიბერთავდასხმებს ახორციელებდა უკრაინაში როგორც მანამდე, ვიდრე იქ საომარ მოქმედებებს დაიწყებდა, ასევე საომარი მოქმედებების პერიოდშიც. ასე რომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოება და გვაქვს იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ასევე გვაქვს მოსაზრებები ჰიბრიდულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება ენერგოუსაფრთოებას საქართველოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას“. -აღნიშნა აპატურაიმ.