საქართველოს პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

Published:

საქართველოს პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლის 8 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ კვების მომსახურებაში დახარჯულია 2,8 მილიონი ლარი და ამ მხრივ ყველაზე მხარჯველ უწყებად გამოცხადდა.

პარლამენტის აპარატის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არის სრული დეზინფორმაცია და მანიპულაცია.

„სიუჟეტში მოცემული რიცხვი აღებულია პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები“ და ინტერპრეტირებულია, თითქოს ბიუჯეტის ეს პუნქტი მხოლოდ კვების მომსახურებას ეხება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

პარლამენტის ბიუჯეტის ამ მუხლიდან ფინანსდება ორი მიმართულება: სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობა და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც ეხება პარლამენტში გამართულ ღონისძიებებს და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან და წარმომადგენლებთან პროტოკოლურ შეხვედრებს.

სიუჟეტში არ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის ამ მუხლიდან (წარმომადგენლობითი ხარჯები) გაწეული ხარჯის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რის გამოც სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

რეალობა კი ასე გამოიყურება:

პარლამენტის ბიუჯეტის მუხლიდან „წარმომადგენლობითი ხარჯები“, სიუჟეტში მოცემულ პერიოდში, ხარჯმა შეადგინა 2 814 570 ლარი, საიდანაც სამაჟორიტარო ბიუროების ხარჯმა შეადგინა 2 495 100 ლარი (საერთო ხარჯის 87%), სხვა წარმომადგენლობითმა ხარჯმა (პარლამენტის სასახლეში ჩატარებული ღონისძიებები და უცხო ქვეყნების დელეგაციებთან პროტოკოლური შეხვედრები), რომელთა რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში იყო 154, შეადგინა 319 470 ლარი (საერთო ხარჯის 13%).

საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ნაცვლად მონაცემების სათანადო კვლევისა და მაყურებლის სწორი ინფორმირებისა, აღნიშნული სიუჟეტით მოხდა მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მომავალში გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img