პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას არასერიოზული უწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ მისი არასერიოზულობის გამოა მელია საკუთარ პარტიაში ამ მდგომარეობაში.
„არასერიოზულია – ხოლმე ყოველთვის მისი განცხადებები და მისი არასერიოზულობის გამო არის იმ მდგომარეობაში, იმ პარტიაში, რომელშიც არის.ნიკა მელია არის ავტორი იმ განცხადების, რომ ყველა, ვინც შევიდოდა არჩევნების შემდეგ პარლამენტში, იქნებოდა პუფი. ბოლოს თვითონ აღმოჩნდა პუფი. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ უნდა მივიჩნიოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ „პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს- პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“.
„კონკრეტულად რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში – მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“,- წერს ნიკა მელია.