საქართველოს პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა. ყველა მათგანი ამ დროისათვის მიმალვაშია:
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები – ბ.ჩ., თ.ქ., ა.ჩ., თ.ე., დ.ფ., ბ.რ. და ე.ნ. ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 810 300 ამერიკული დოლარის, 110 ევროს და 6500 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, ბრალდებულები თავს არიდებენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, ძებნილი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი.