პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი აღიარებს, რომ ეს იყო გაუფრთხილებლობა

Published:

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის დაკავებული უფროსის, ივერი ნატრიაშვილის ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს, ბრალდებულმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.

ადვოკატი ასევე განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა ბრალდებული პატიმრებთან ერთად, ერთ სივრცეში.

„პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ იყო, ის აღიარებს, ინანიებს, ეს იყო გაუფრთხილებლობა, ის ტელეფონზე საუბრობდა არა პირადი მიზნებისთვის, არამედ, საბადრაგო სამსახურის სხვა თანამშრომლებს ესაუბრებოდა სხვა პატიმრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიერვე იყვნენ შემოყვანილი. მან შუა საუბრის დროს დაინახა, რომ პატიმრები ჩავიდნენ, თანამშრომლებსაც უთხრა, რომ სასწრაფოდ მოეხდინათ რეაგირება, დაუკავშირდა უფროსებს და ყველანი ცდილობდნენ გაქცეული მსჯავრდებულების დაკავებას. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა, როცა მსაჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა, დადგა ის შედეგი, რაც არის”, – განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების ავტომანქანის კარი ურდულით ჩაკეტილი იყო, თუმცა, გასაღებით არა.

„კარი გასაღებითაც უნდა ყოფილიყო დაკეტილი და ურდულითაც. ურდულით დაკეტილი იყო, გასაღებით არა, ზუსტად ამიტომ მოახერხეს გაღება. აქ სახეზე გვაქვს მხოლოდ ბრალდებულის დანაშაული, რომელსაც ეს უნდა მოეხდინა, ის იყო ცვლის უფროსი იყო, მას ევალებოდა დაკეტვაც და მისი კონტროლიც. ეს იყო შემთხვევითობა, ნატრიაშვილს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა შეევსო, რომელიც სასჯელაღსრულებისთვის უნდა წარედგინა, ვინაიდან მას პატიმრები ჰყავდა შემოყვანილი. ეს იყო მისი წინ ჯდომის მიზეზი.

ადგილზე მძღოლი და ბრალდებული იმყოფებოდნენ, ვინაიდან სხვები ზემოთ, სხვა პატიმრებთან ერთად იმყოფებოდნენ. შესაბამისად, სხვისი ვალდებულება ვერაფერზე ვერ იქნება, ის ხელს არავის აფარებს, თვითონ იყო ესკორტის უფროსი”, – განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე, პატიმრების გაქცევის შემდეგ, რა ღონისძიებები გაატარა ბრალდებულმა, ან უნდა მოეხდინა თუ არა მას გამაფრთხილებელი გასროლა, ადვოკატი ასე პასუხობს: „ეს ყველაფერი წამებში მოხდა, რა თქმა უნდა, მისდევდა”.

„რაც შეეხება პროპორციულ ძალას – იცით, რომ ეს “ავერსის” კლინიკასთან მოხდა, რომელიც დასახლებულ პუნქტში მდებარეობს, შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო. დამხმარე ძალა დაუყოვნებლივ მოვიდა, მაგრამ მიზანშეწონილი არ იქნებოდა დასახლებულ პუნქტში საკონტროლო გასროლა, არავინ იცის, ვის შეიძლებოდა მოხვედროდა, ეს ბევრად ცუდი შედეგის მომტანი იქნებოდა”,-განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, “ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის დაკავებულ უფროსს, ივერი ნატრიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ივერი ნატრიაშვილს სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა.

გამოძიების ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატროშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა.

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img