არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე – პოლიტიკური კარდიოგრამა აქვს არეული და გეოგრაფიაში ვერ ერკვევა

Published:

რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური კარდიოგრამა აქვს არეული – ბოლო თვეა შეცვალეს რიტორიკა და ამბობენ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არის შეცვლილი გეოპოლიტიკის გამო; ცუდია, რომ რადიკალური ოპოზიცია გეოგრაფიაში ვერ ერკვევა,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წინასწარი შეფასება პოზიტიური იქნება და ეს შეფასება გახდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

„იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა ევროპული რეფორმები და დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, მოველით, რომ პოზიტიური შეფასება იქნება და ეს შეფასება გახდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ინტერესებშია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადადგას კიდევ ერთი არსებითი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და მაღალი ალბათობით, გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას, მათ პოლიტიკური კარდიოგრამა არეული აქვთ. პოლიტიკური არითმიაა, როდესაც წლის დასაწყისში, სამი თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება ვერ მიიღებს ამ სტატუსს. შემდეგ ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსს არ აძლევენ და ეს იქნება ტრაგედია ქვეყნისთვის. ახლა ბოლო თვეა შეცვალეს საუბარი და ამბობენ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არის შეცვლილი გეოპოლიტიკის გამო. ცუდია, რომ რადიკალური ოპოზიცია გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. საქართველოს დღესაც იგივე გეოპოლიტიკა აქვს, როგორიც სამი და ექვსი თვის წინ ჰქონდა. შესაბამისად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იქ ვართ, სადაც ვიყავით, თუმცა ბევრად უფრო წინ ვართ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდება საფუძველი, როდესაც საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიცია, თითქოს დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა; ან ევროკავშირში შეიძლება ხალხი გაწევრიანდეს და ხელისუფლება ვერა, ან ხელისუფლება გაწევრიანდეს და ხალხი დარჩეს ევროკავშირს მიღმა – ეს არის აბსურდი. ეს რუსული პროპაგანდაა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იმეორებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს იმ დათქმით, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, თალაკვაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ევროკავშირმა სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს ისეთი დამატებით პირობები დაუწესოს, რომელიც რუსეთიდან მომდინარე ისედაც არსებულ საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და რუსეთის მხრიდან საფრთხეები ისედაც მაღალია საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ სტატუსთან დაკავშირებით დამატებითი პირობები ჩაიდოს, რომელიც ამ საფრთხეების გაზრდას და ესკალაციას, მის პროვოცირებას შეიძლება ახდენდეს. რა თქმა უნდა, არ ველით, რომ ევროკავშირმა შეიძლება ისეთი პირობები დაუწესოს საქართველოს, რომელიც რუსეთთან ისედაც არსებულ მაღალ საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის და საქართველოს დამატებით გამოწვევებს შეუქმნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img