გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე – მეორედ მოსვლის მსგავსად ეშინიათ 8 ნოემბრის დასკვნის

Published:

ოპოზიციის თავზე ასრულდა ბიბლიური სიტყვები, „არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს“ – გაცხადდა, რომ ისინი იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ 8 ნოემბრის დასკვნამდეც ვერ მოითმინა, ნიღაბი ჩამოიხსნა და პირდაპირ თქვა, რომ “საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მაინც უნდა მისცენ”.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ 8 ნოემბრამდეც ვერ მოითმინა, ნიღაბი ჩამოიხსნა და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რადგან იცის, რომ, დიდი ალბათობით, მოგვცემენ, ამის გამო ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, მაგრამ მიეცით. ეს არის პირდაპირი შტურმი ევროინტეგრაციაზე.

ეს ხალხი – გვარამიათი დაწყებული სამადაშვილით დამთავრებული, ცალ-ცალკე და ერთდროულად, ჩადიან ბრიუსელში და ამბობენ, რომ საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსისთვის პირობები შესრულებული და რატომ აძლევთო. მაგრამ რადგან იციან, რომ ალბათობა დიდია, ამიტომ ამბობენ, მაინც მოგვეცით სტატუსიო.

ამ დონეზეა შტურმი, შეტევა საქართველოს ევროინტეგრაციაზე და ამ დროს ამბობენ, თითქოს ხელისუფლებას არ უნდოდა კანდიდატის სტატუსი.

ეს რატომ ხდება – ოპოზიციის თავზე ასრულდა ბიბლიური სიტყვები – “არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს”. გაცხადდა, რომ ისინი იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ და ახლა, როდესაც ამას მიხვდნენ, ბრიუსელს ეხვეწებიან, როგორმე კანდიდატის სტატუსი დაამძიმონ და ისე მისცენ საქართველოს, რადგან იციან, რომ აღმოჩნდებიან პოლიტიკურ ჯოჯოხეთში. ამიტომაც ეშინიათ მეორედ მოსვლის მსგავსად 8 ნოემბრის დასკვნის. ეს არის რეალობა, რაც ოპოზიციაში ხდება”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერებს საკუთარი გეგმა კანდიდატის სტატუსზე უარზე ჰქონდა აწყობილი, ეს გეგმა ჩაუვარდათ და ახლა ებღაუჭებიან იმას, რომ როგორმე დაამძიმონ ეს საკითხი.

“ოპოზიციამ აღიარა თავისი დანაშაული და ახლა ბრიუსელს ეხვეწება, რამენაირად, სადმე მაინც გაგვითვალისწინეთ, როდესაც სტატუსს მისცემთ საქართველოს, რადგან დღის წესრიგში უკვე არაფერი გვექნება. “არა რუსულ კანდიდატის სტატუსს” – ეს დევიზი აქვს ოპოზიციას.

მათთვის მთავარი საფრთხე, რასაც ხედავენ, ისაა, რომ კანდიდატის სტატუსზე უარზე ჰქონდათ გეგმა აწყობილი, ეს გეგმა ჩაუვარდათ და ახლა ებღაუჭებიან რომ როგორმე დაამძიმონ ეს საკითხი”, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img