პაატა მანჯგალაძე – კირბალში მომხდარმა ტრაგედიამ დაგვანახა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს

Published:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კირბალში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებას დაანახა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს, კუდის ქიცინს და სირაქლემას პოზაში დგომას აზრი არ აქვს და მშვიდობის გარანტი შეიძლება იყოს მეტი ევროკავშირი, მეტი ნატო და მეტი ამერიკა საქართველოში.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მსგავსი ტრაგედიების გამო პასუხს არავინ აგებს.

„კირბალში საშინელი ტრაგედია მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა ვაჟკაცი ადამიანი მოგვიკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი იყო და წინაპრების საფლავზე სანთლის ასანთებად მივიდა. ეს არის ტრაგედია, რომელმაც დაგვანახა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს, კუდის ქიცინს, სირაქლემას პოზაში დგომას აზრი არ აქვს და ჩვენი მშვიდობის გარანტი შეიძლება იყოს მეტი ევროკავშირი მეტი ნატო, მეტი ამერიკა საქართველოში. ეს არ არის სტატისტიკა, ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელსაც სულ ვაწყდებით – ხან იტაცებენ, ხან ე.წ. საზღვარს წევენ. ამის გამო არავინ პასუხს არ აგებს და ჩინ-მედლებს იღებენ ოკუპანტები მკვლელობის გამო“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება მომხდარზე „ქართული ოცნების“ შეფასებებს, სადაც ისინი წინა ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობენ, მანჯგალაძე ხელისუფლებას ურჩევს, რომ მსგავსი ტრაგედიები პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ გამოიყენოს.

„ერთმა „ქოცმა“ ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური სპეკულაცია რომ გააკეთოს, მეორემ, ჭკუა რომ ჰქონდეს, არ უნდა გაიმეოროს. ამ განცხადებით რა გამოდის, რომ ოკუპაციაზე და ტრაგედიაზე ტოლობას ვსვამთ. თურმე მხოლოდ ოკუპანტის ბრალი კი არ ყოფილა, წინა ხელისუფლების, ანუ საქართველოს ბრალიც ყოფილა ოკუპაცია. ბოლოს იქამდე მივა ეს, რომ თურმე გარდაცვლილის ბრალიც აღმოჩნდება, რომ რუსებმა მოკლეს. არ გააგრძელოთ ეს ლოგიკა. ყველას ვურჩევ, რომ ასეთმა ტრაგედიებმა მაინც მოგვცეს იმ მასშტაბის ღირსება, რომ ასეთი დღეები და ტრაგედიები პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ გამოვიყენოთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img