ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქის მკვლელობა “ერთეული” ტრაგიკული შემთხვევაა. “ჩვენ ერთეული შემთხვევები გვაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ ერთეული შემთხვევებია ასეთი ტრაგედიების და ვიღაც რომ ითხოვს რაღაც მეტს, მეტ დაპირისპირებას მეტი ესკალაცია მოყვება და რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს ოპოზიციიდან?! მათი ქმედებების შედეგი იყო, ის რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები და ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა “უტიფრობა” და “უზნეობაა”. “კონკრეტული ადამიანის მკვლელობა ტრაგედიაა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს. ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ორ ტერიტორიაზე ხორციელდება. ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიებული იქნას და გადმოცემული იქნას დამნაშავე ვინც ეს ჩაიდინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა და დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერჯერობით ტყვეობაშია. სპეკულირება დღეს და ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა, მითუმეტეს, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ვიხილეთ, არის სრული უზნეობა და პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც მომხდარა ასეთი ტრაგიკული ფაქტები, 2010-2011 წლებში და არასდროს იმდროინდელ ოპოზიციას არ გაგვიხდია ასეთი სპეკულირების საგანი ოკუპანტების ჩადენილი დანაშაულები. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის სრულად დასაგმობი ფაქტი. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.