ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“ განიხილავს

Published:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“ განიხილავს. ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს დიალოგი რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

„მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. არძინბას თქმით, შეიქმნება ორმხრივი აფხაზეთი-არაბთა გაერთიანებულ საამიროების ბიზნეს საბჭო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის „დელეგაციის“ მინსკში ვიზიტის შედეგები. არძინბას თქმით, ვიზიტი „ქართველი დიპლომატების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად შედგა“. მან აღნიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები „დაღმავალ ტრაექტორიაზეა“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img