ხელოვანებისა და მეცნიერების მიმართვა ევროკომისიას

Published:

“მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს”, –  ხელოვანები და მეცნიერები ევროკომისიას და განცხადებას ავრცელებენ.

” ჩვენ, საქართველოს ხელოვანები და მეცნიე­რები, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვართ დემოკრატიული განვითარების – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, აზრის, სიტყვის და შემოქმედების თავისუფლების მცველები, რაც უპირობოდ გულისხმობს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების ერთგულებას.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებული შესაძლებლობებისა და მოახლოებული საფრთხეების შეცნობა ჩვენი ვალია. საფრთხეს, რომლის ნიშნებიც დღეს უკვე სახეზეა, საქართველოს დასავლეთისგან იზოლირება ჰქვია, რაც ჩვენს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გავლენის ზრდას გულისხმობს.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის იმპერიის წინაშე მარტო დარჩენა, რამაც ერთხელ უკვე დაუსვა წერტილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას. ისტორიის გამეორება არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება დამღუპველი, არამედ მთელ რეგიონში გამოიწვევს კრიზისს.

რთული და მნიშვნელოვანი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ისედაც ჭეშმარიტებად აღიარებულის კიდევ ერთხელ გაცხადება:

ევროპა ერთადერთი სივრცეა, სადაც დაცული იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი წინსვლა, ისე მისი საზოგადოების კულტურული იდენტობა. ამ ოჯახში, ჩვენ ვბრუნდებით ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი პოლიტიკურ-კულტურული გამოცდილებით, ჩვენი ბრძოლით თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებებით, ჩვენი მსხვერპლით, ჩვენი ქართული და მაშასადამე ევროპული იდენტობით, რომლის განუყოფელი ნაწილია ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა.

უახლესმა წარსულმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ამ სწრაფვას არც ალტერნატივა აქვს და არც დასასრული, ეს სწრაფვა არ გვღლის, ის გვაერთიანებს. თუმცა, დასასრული აქვს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სახიფათო გეოპოლიტიკური გეგმების დრამატურგიას, რომელიც უფრო და უფრო მეტ სახელმწიფოსა და ერს ართმევს კეთილდღეობას და მომავლის რწმენას.

ჩვენ ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის. ახლა ამ ბრძოლის კიდევ ერთი გადამწყვეტი ეტაპია და ამ ეტაპზე, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ევროპის მხარდაჭერა.

ამიტომაც, მოგმართავთ ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ” – წერია მიმართვაში

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img