ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია”.
ჟურნალისტებმა გია ვოლსკის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზეც ჰკითხეს. მან ხვალ, 8 ნოემბერს ევროკომისიის შეფასების პარალელურად, ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიება დააანონსა. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს “ღირსება არ გააჩნია, თვალთმაქცობს და ყალბ განცხადებებს აკეთებს”.
“რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, მითუმეტეს ამ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც შექმნილია ამ ქვეყანაში.
მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ვერანაირად ვერ აუბამს თავს. სალომე ზურაბიშვილმა სტატუსთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა პარლამენტშიც, 26 მაისსაც და ეს იყო საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო სიმართლის ნებისმიერი ჩარჩოდან და ვფიქრობ, ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდეს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის. ეს ღირსება არ გააჩნია, თან თვალთმაქცური ყალბი განცხადებები, ვითომდა მონდომებულია რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს“, – აცხადებს გია ვოლსკი.
ამასთან, ვოლსკი ოკუპანტების მხრიდან თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსენებს.
“დღეს ამ ადამიანის თამაზ გინტურის, მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რუსეთს გაუვლე საოკუპაციო ხაზი, ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე ადამიანები, აი ეს არის სწორედ დანაშაული“, – აცხადებს ვოლსკი.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.