ქაცარავამ რუსი აქტივისტის გაუჩინარების ვერსიები დაასახელა

Published:

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელმა, დავით ქაცარავამ საქართველოდან რუსი აქტივისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია დაასახელა.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ვერსიის მიხედვით, რაფაელ შეპელევი 12 ოქტომბერს სოფელ კირბალიდან გაუჩინარდა. დავით ქაცარავა ხაზს უსვამს მთავარ პრობლემას, რომლის მიხედვითაც რუსულ სპეცსამსახურებს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლიათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება და ადამიანების გატაცება:

ერთი ვერსიით, შეპელევი უკვე იმყოფება რუსეთში, ის არის დაპატიმრებული და ბუნებრივია, მას გაასამართლებენ კრემლისტური, პუტინისტური მითითებების საფუძველზე. თუ შეპელევი აღმოჩნდა რუსეთში, რომელიც თავის ფეხით ჩასულა კირბალში და ჩაბარებია რუს ოკუპანტებს, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ქართული სპეცსამსახურების ჩართულობა და მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში გამოირიცხება, ვინაიდან იკვეთება ნება ჩაბარების. თუ კირბალში ასული ადამიანი შეპელევი არ არის და ის სხვა გზით აღმოჩნდა რუსეთში, მაშინ ვფიქრობ, რომ ქართული სპეცსამსახურების გარეშე ამ ოპერაციის ჩატარება გართულდებოდა და შეუძლებელიც იქნებოდა. ამიტომ ამ ორ ვერსიას შორის რომელი იქნება რეალური, აქედან მოგვიწევს დასკვნების გამოტანა – აღნიშნა ქაცარავამ.

პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსი აქტივისტის, რაფაელ შეპელევის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ეძებენ. შეპელევის თანამოაზრეები, უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთში აკრძალული ულტრა-მემარცხენე და ნაციონალურ ანარქისტული ორგანიზაციის წევრი, ახლა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდეთ გადაყვანილი.

როგორც ირკვევა, აქტივისტის კვალი 12 ოქტომბრის შემდეგ ქრება. იგი მთაწმინდის ქუჩიდან გაუჩინარდა, მისი პირადი ნივთები კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რჩება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img