ეუთო/ოდირი “კარვების კანონზე” – კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული

Published:

ეუთო/ოდირმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა.

დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად.

დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.

“როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს. შეკრების სახესთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი გზავნილის ეფექტური კომუნიკაცია და არ უნდა იქონიოს მსუსხავი ეფექტი უფლების განხორციელებაზე.

შეკრების ფორმასა და ტიპთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ მოთხოვნებთან.

დასკვნაში დეტალურადაა განხილული კანონპროექტის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს. ასევე, პირაპირ არის მითითებული, რომ აქციებით გამოწვეული ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, მათ შორის საგზაო მოძრაობის დროებითი შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს შეწყნარებული, სანამ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს.

ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, როდესაც ის არააუცილებლად ან აქციებთან დაუკავშირებლადაა მიჩნეული, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს კონვენციებით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებს და გაუმართლებელია.

როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, არ არის ნათელი თუ რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული მაშინ, როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან, ასევე საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებების თაობაზე. დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია არაპროპორციულად და მსუსხავი ეფექტის მქონედ უფლების განხორციელებაზე”, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img