ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი გვიანობამდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სამმართველოს დატოვების შემდეგ, მან მედიასთან განმარტებები აღარ გააკეთა. გამოკითხვის დაწყებამდე კი, დოთიაშვილმა ჟურნალისტებთან სულ რამდენიმე ფრაზა თქვა.
ვრცლად მედიასთან სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ისაუბრა. ირაკლი ანთაძის განმარტებით, დოთიაშვილს აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც, ყოფილი უკანონო პატიმრის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაკავების დროს მიაყენეს, თუმცა, უშუალოდ, იზოლატორში მასზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ლევან დოთიაშვილი მოგვიანებით მისცემს ჩვენებას, როგორც თამაზ გინტურის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე.