საპარლამენტო ოპოზიციამ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა და პარლამენტს ახალი რეზოლუციის დამტკიცებისკენ მოუწოდა.
რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით “რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ” ოპოზიციამ დღეს წარადგინა პარლამენტში. რეზოლუციის პროექტში არის განსაზღვრული ის ნაბიჯები, რაც ოკუპანტების მავნებლური პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას და ასევე, მიმართვაა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართაც.
ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” გაფართოებას ეხება, სადაც უნდა შევიდნენ ის ოკუპანტები, ვინც მოკლა თამაზ გინტური და გაიტაცა ლევან დოთიაშვილი.
გარდა ამისა, პროექტში მთავრობის მიმართ არის მოწოდება, რომ განისაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყება და პარლამენტს კონკრეტული შედეგების შესახებ ანგარიში 2024 წლის 1 მაისამდე წარედგინოს.
” რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი:
ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით:
ეყრდნობა რა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის პრინციპს, საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წლებში მიღებულ რეზოლუციებს, მათ შორის 2018 წლის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ და 2021 წლის 2 აგვისტოს რეზოლუციას „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“.
ითვალისწინებს რა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის ფედერაცია დაადგინა როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ომის დროს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში მომხდარ ადამიანის უფლებათა უხეშ და განგრძობად დარღვევებზე;
ადასტურებს რა ევროპის კავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების და საქართველოს დეოკუპაციის მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას, ისევე როგორც, 2010 წელს საქართველოს მიერ აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი ერთგულებას.
გმობს:
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს;
საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვას, საქართველოს მოქალაქეთა რეგულარულ გატაცებას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და მათ უკანონო დაკავებას;
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 2023 წლის 6 ნოემბერს, ოკუპაციის ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას;
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის ხაზთან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეთათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას და ათეულობით ქართული სოფლის, ქართული მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართულ განადგურებას და ქართული ეკლესიების დაზიანებას ქართული კვალის წაშლის მიზნით;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ხელის შეშლას და მათი საკუთრების უფლების უხეშ შელახვას, რაც აფერხებს სამშვიდობო პროცესს;
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების განგრძობით მილიტარიზაციას, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი განთავსების გადაწყვეტილება, ისევე როგორც, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა;
მიმართავს საქართველოს მთავრობას:
გადადგას ქმედითი ნაბიჯები ყველა იმ საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, რომლებიც დღემდე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან;
დაუყოვნებლივ გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი საქართველოს მოქალაქეთა გატაცების, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, წამების და სიცოცხლის მოსპობის დანაშაულებრივი ფაქტები;
უმოკლეს ვადაში მთავრობის დადგენილებით, დაამატოს “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ‘ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის’ შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის N2070-II რეზოლუციაზე დაყრდნობით მიღებულ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის დადგენილებით განსაზღვრულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელი არიან საქართველოს მოქალაქეების თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებაზე;
გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის N2070-II რეზოლუციის ეფექტური აღსრულებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით;
მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის სიის განახლებული შემადგენლობის გათვალისწინებით;
განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყება და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში გატარებული ღონისძიებებისა და კონკრეტული შედეგების შესახებ 2024 წლის 1 მაისამდე;
უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ეფექტიანი მშვიდობის პოლიტიკის წარმოების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით;
გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომების გამოყენებით, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იყოს აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში და მოახდინოს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის; მათ შორის, მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკანონო სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი განთავსების შესაჩერებლად, შავი ზღვის ფართო რეგიონისა და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების კონტექსტში.
მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას:
მიიღოს ზომები, რათა საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და უზრუნველყოფილი იქნეს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება;
დააწესოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განახლებული ‘ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესაბამისად;
გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება;
დაემატოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე უკრაინაში წარმოებული უკანონო და უსამართლო ომის გამო დაკისრებულ სხვადასხვა სანქციის მოთხოვნებს, რამდენადაც რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს წინააღმდეგ 1990 წლიდან წარმოებული ომების გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევასა და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას,” – წერია რეზოლუციის პროექტში.