ხელოვანები ახალ პლატფორმაზე ერთიანდებიან

Published:

საქართველოს ხელოვანები ახალ პლატფორმაზე ერთიანდებიან, – ამის შესახებ საქართველოს ავტორთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

“ბოლო პერიოდში, არა მხოლოდ ავტორებისთვის, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრისათვის ცნობილი გახდა საავტორო უფლებების მართვაში არსებული ნაკლოვანებების შესახებ. სწორედ, ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბნენ დღეს ავტორები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელოვანები სამივე ასოციაციიდან ერთ, საერთო პლატფორმაზე ერთიანდებიან. ახალი პლატფორმის შესახებ კი, საზოგადოებისთვის, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, – განმარტავენ საინიციატივო ჯგუფში.

შეხვედრაზე, დამოუკიდებელმა იურიდიულმა ჯგუფმა – საქართველოს ავტორებს – სამივე ასოციაციიდან ინფორმაცია მიაწოდა ასოციაციების მუშაობისა და მათი წესდებების შესახებ.

“GCA-ს აუდიტორული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარების 47%, ავტორების მიერ დაქირავებული ადმინისტრაციული თანამშრომლების პრემიებზე, ბონუსებსა და მივლინებებზე იხარჯებოდა” – ამბობს, იურისტი, ბიჭიკო ლაშხია აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით.

საქართველოს ავტორთა საინიციატივო ჯგუფის წევრი გია მაჭარაშვილი კი აცხადებს: “ყველა მოქმედი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ ერთ პლატფორმაზე.”

საინიციატივო ჯგუფის შექმნის მიზანი ქართველი ავტორ-შემსრულებელთა უფლებების დაცვა, აკრედიტაციის პროცესზე დაკვირვება და საქ. პატენტისა და აკრედიტაციის კომისიისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.

“აკრედიტაცია უნდა ჩაითვალოს ისტორიულ შესაძლებლობად საქართველოში უფლებათა დაცვის სფეროში, შესაბამისად აუცილებლად მიგვაჩნია, ავტორების ერთ საერთო პლატფორმაზე გაერთიანება, რათა აკრედიტაცია მიიღოს ისეთმა ორგანიზაციამ რომელიც იქნება სრულიად საქართველოს ავტორ-შემსრულებელთა ინტერესების გამომხატველი. ჩვენ არ გვსურს დაყოფა, არამედ გვსურს გაერთიანება – აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ავტორი კახა ცაბაძე.

“საქართველოს ავტორები მიიჩნევენ, რომ აკრედიტაციის პროცესი არ უნდა გადაიქცეს უფლებების მართვაზე, შესაბამისად მართვიდან მიღებულ მოგებაზე ორიენტირებული ჯგუფების მარათონად, არამედ როგორც ამას კანონი ამბობს, პირველ რიგში აკრედიტაციის პროცესი და აკრედიტაციის შედეგი უნდა დაეფუძნოს ქართველ ავტორ-შემსრულებელთა ლეგიტიმური ნების აღსრულებას”, – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

საავტორო უფლებების დაცვის კანონში ცვლილებები შესვლის შემდეგ გამოაცხადა საქპატენტმა კონკურსი საავტორო უფლებების ასოციაციაზე აკრედიტაციის მისანიჭებლად. აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 2023 წლის 26 ნოემბერს დასრულდება. კონკურსში გამარჯვებული კი მხოლოდ, ერთი ასოციაცია იქნება.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img