შემდეგი წლიდან იქნება ახალი სამინისტრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო – ამის შესახებ განაცხადა გიორგი ამილახვამრა.
“დღეს მთავრობაზე განხილულ იქნა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანა. მთავრობაზე მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროში ჩვენ ჩვენი პროგრამების ფარგლებში დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებით და ასევე უმაღლესი განათლებით, ისედაც გვაქვს კომპონენტები, სადაც გარდა განათლებისა, სადაც სხვადასხვა აქტივობებს, ზოგადად განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებში და სამინისტროში. ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად ამ სააგენტოს განხორციელება და მისი მოქმედება გაგრძელდეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში. კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან უკვე ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო”. – განაცხადა ამილახვარმა .