შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ

Published:

ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია არის მაკულატურა და გასაკვირი არაა, რომ მისი მოქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგაა – პარტნიორებმა იციან, რომ ის არ წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს, მით უმეტეს ქართველი ხალხის ინტერესებს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“როცა ადამიანი წავა საკუთარი ერის ინტერესების წინააღმდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა იმით, რომ დაარღვია საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია, არა მხოლოდ დაარღვია, არამედ, როდესაც მხილებულ იქნა კონსტიტუციის დარღვევაში, მან თქვა, რომ არაფრად მიაჩნია, მისთვის ეს არის მაკულატურა და გათელა ფეხით, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და მოქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დამაზიანებელია მისი ასეთი საჯარო ქმედებები, გვახსოვს ლატვიაში რომ იმყოფებოდა, მთავარი შედეგი, რაც ამან მოიტანა, იყო მოწოდებები, რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, ანუ ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ამ ინტერვიუს მთავარი შედეგი ვნახეთ, რომ შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი განცხადებები, მოწყვეტილია რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესს. ქალბატონი სალომე უკვე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და გასაკვირი არ არის, რომ უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, გათელა კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან.

უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ქართველ ხალხს, როცა აბსოლუტურ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის მიღმა, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერზე საუბრობს ასეთ სტილში, ასეთ ტონში. ამანაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება და საპარლამენტო უმრავლესობის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა მისთვის, ამით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ლეგიტიმაციის ჩამორთმევა და ამან პრევენციულ მიზანსაც მიაღწია იმისთვის, რომ იციან ყველამ, ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ქალბატონი სალომე არ წარმოადგენს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს და მით უმეტეს არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი კოალიციაზე და 2024 არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა და ურჩია, როგორც მას, ასევე, მსგავსი “თეორიებით გატაცებულებს” გაერკვნენ დემოკრატიაში და ნუ დაუკვეთენ ქართველ ხალხს არჩევნების შედეგებს .

“ესეც აჩვენებს, რომ ქალბატონ სალომეს არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. პათოსი კონსტიტუციის მიმართ, ვთქვი, რომ მაგონებდა ლუი მეთოთხმეტეს პათოსს, მას ჰგონია, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ უნდა შევუკვეთოთ ქართველ ხალხს და ვუთხრათ, რომ სასურველი შედეგი ქალბატონ სალომესი ან მისი მფარველების, ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობიდან“ იქნება, აი, ეს, რომ პარლამენტში იყოს 5 პარტია და ქართველო ხალხო, ახლა რამენაირად მოახერხეთ, ხმები ისე გაანაწილეთ, რომ ასე მოხდეს. ეს ხომ არის დამამცირებელი და არა მხოლოდ ცოტა ზემოდან, არამედ კარგად ზემოდან ყურება ქართველი ხალხისადმი, რომ თავად ვერ გადაწყვეტს ხალხი ვინაა მისი რჩეული და სჭირდება კარნახი ვიღაცების მხრიდან. შევახსენებ ქალბატონ სალომეს და სხვებსაც, ვინც გატაცებულია ამ თეორიებით, დაუხვეწოს ქართველ ხალხს 2024 წლის არჩევნების შედეგები, რომ ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა გულისხმობს იმას, რომ შედეგებიდან გამომდინარე გვაქვს რეალობა, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს კოალიციას, შეიძლება – არა. თუ არ ითხოვს და ქართველი ხალხი კონსოლიდირებულია არჩევანში, ეს კიდევ უფრო კარგია, როცა ქართველი ხალხის არჩევანი არ არის დაქსაქსული. ამიტომ გაერკვნენ , რას ნიშნავს დემოკრატია და ნუ დაუკვეთენ ქართველ ხალხს არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img