ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ, საქართველოზე ორი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც ეხება ევროპაში პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეც.
ენმ-ის ინფორმაციით, რეზოლუციაში ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაიდგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული და რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
მეორე რეზოლუცია ეხება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.
ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილმა სიტყვით გამოსვლაში ასამბლეას გააცნო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჭიაბერაშვილმა მოითხოვა ჩამატება რუსეთზე სანქციების ნაწილში, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს არამხოლოდ უკრაინაში მომხდარი რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, არამედ იმის გამო, რასაც ის აკეთებს საქართველოსა და მოლდოვაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჩეხ კოლეგებს რეზოლუციის პროექტის წარდგენისთვის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს შეეხება. რა თქმა უნდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია. მის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჯერ კიდევ რისკის ქვეშაა. ამიტომ რაც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, აბსოლუტურად სწორია. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა შესწორება რეზოლუციის ნაწილში, რომელზეც უკვე ვესაუბრეთ რეზოლუციის ინიციატორებს. მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოწვეულია პოლიტიკური დევნის შედეგად, ანუ პირველადი მიზეზი არის პოლიტიკური დევნა, გვინდა შემოგთავაზოთ, რომ წინადადების ბოლოს ამოვიღოთ ბოლო ფრაზა სამედიცინო საფუძველზე. ამის შემდეგ ის წაიკითხება ამგვარად: „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის”.
„არცერთი ქვეყნის ბედი ისე არ არის დამოკიდებული უკრაინაზე, როგორც საქართველოსი და ღრმად მწამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა იქნება წარმატებული და უკრაინის გამარჯვება იქნება საქართველოს გამარჯვებაც. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია არ არის თანხვედრაში ევროკავშირთან და ევროკომისიის 9 რეკომენდაციაში მოცემულია პუნქტი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. რუსეთის ფედერაცია არღვევს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამ რეზოლუციაში აუცილებელია, რომ ნახსენები იყოს საქართველო და მოლდოვა და გთავაზობთ ცვლილებას ამ თვალსაზრისით.“- აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.