ოქრიაშვილი – საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის

Published:

“პროგრესისა და თავისუფლების” ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი “სანდო არ არის” და ამის მიზეზებს განმარტავს. კახა ოქრიაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს ასაჯაროებს და ამბობს, რომ “ოცნება” რეალურად, 40 %-ზე გაცილებით ნაკლებ ხმას მიიღებს, თუმცა სულ სხვა ციფრს ჩაიწერს, რითაც საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს.

ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.

პირველი და უმთავრესი – ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს – ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.

მეორე – დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს,  „ნაციონალებს“ 20 %, ყველა დანარჩენი პარტია კი – ბარიერს მიღმა დატოვა.

ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40 %-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით  ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“,  გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან.

5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.

ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს – აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!, – ამბობს ოქრიაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img