არ მჯერა ამ კვლევების, მე მჯერა, რომ ხელისუფლება შეიცვლება, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში. ჯერ ეროვნული ძალები მოვიდნენ და შემდეგ ქვეყანამ გამოაცხადა თავისუფლება. ახლაც, ჯერ პროდასავლური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და შემდეგ, ამ დარბაზში, ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, არ არსებობს უფრო დიდი გარანტია, უფრო დიდი უსაფრთხოება, ვიდრე ძლიერი საქართველო პარტნიორებთან მეგობრებთან ერთად.
„ჩვენ ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, იმიტომ, რომ არ არსებობს უფრო დიდი გარანტია, უფრო დიდი უსაფრთხოება, ვიდრე ძლიერი საქართველო პარტნიორებთან მეგობრებთან ერთად. დიახ, ჩვენ ევროპაში უნდა შევიდეთ ილიას გზით. „ევროპაში ილიას გზით“ – ეს უნდა იყოს ყველას საერთო, გამაერთიანებელი პლატფორმა. მაგრამ ამის ნაცვლად რას ვხედავთ, პროპაგანდა ხელისუფლების, რომ ნაცვლად რუსეთისა, შეიძლება მტერი იყოს ევროპა. ამაში დავხარჯეთ ერთი წელი, მაგრამ ქართველმა ხალხმა თავისი გაიტანა. რეალურ ხალხის ძალას, ვერავინ აღუდგება წინ. თქვენც მოგიწიათ ამის აღიარება, ეს განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, რომ 85% აზრს უწევთ ანგარიშს და ღიად ვერ გამოხატავთ სხვა განწყობებს. სხვა შემთხვევაში დაკარგავთ ძალაუფლებას. მადლობა ქართველ ხალხს ამ შემართებისთვის, მადლობა ქართველ ხალხს ამ ბრძოლისთვის. რაც შეეხება ხელისუფლებისა და ხალხის გამიჯვნას, ჩვენ არ განგვიმიჯნავს, თქვენ გამიჯნეთ, როცა რუსული კანონი შემოიტანეთ, ნაცვლად ევროპული რეკომენდაციის შესრულებისა; თქვენ გამიჯნეთ, როცა ევროპელებს, მათ შორის ვენეციის კომისიას უთხარით, რომ ჩვენ თავისუფალ, სამართლიან სასამართლოს გვირჩევნია მურუსიძის სასამართლოო; თქვენ გაემიჯნეთ ხალხს მაშინ, როცა თქვით, რომ ნამდვილ, დამოუკიდებელ, ანტიკორუფციულ უწყებას, ბიუროს გვირჩევნია კორუფცია იყოს ქვეყანაშიო, ჩვენ გავმდიდრდეთ, ევროპაში ისედაც მოვახერხებთ წასვლას, არ არის საქართველოს მიღება აუცილებელი ევროპაშიო; თქვენ გაემიჯნეთ ხალხს მაშინ, როცა საარჩევნო რეფორმების ნაცვლად, უკურეფორმები შემოგვთავაზეთ. ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. დღესაც პროპაგანდა იყო, გამოქვეყნდა კვლევები, თითქოს, 55% გაგიჟებულია „ქართული ოცნების“ საქმიანობით. თურმე, ყოველ მესამე ბავშვი რომ შიმშილობს, მათი მშობლები გაგიჟებულები არიან „ქართულ ოცნებაზე“. თითქოს, პენსიონერს წამალსა და საჭმელს შორის რომ უწევს არჩევანის გაკეთება, გაგიჟებულები არიან „ქართულ ოცნებაზე“. ოჯახები იცლება, გარბიან მექსიკით აშშ-ში, სხვადასხვა ქვეყნებში, ნიანგებთან ურთიერთობა ურჩევნიათ თქვენთან ურთიერთობას და ამის ოჯახის წევრები გაგიჟებულები არიან თქვენზე. თურმე, ხალხი იმითაც ყოფილა კმაყოფილი, რომ ქართველები გარბიან და მათ ნაცვლად რუსები შემოდიან. მე ასეთ საქართველოს არ ვიცნობ და არ მჯერა ამ კვლევების. მე მჯერა იმის, რომ მოხდება ხელისუფლების ცვლილება და მოხდება ზუსტად ისე, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში. ჯერ ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ და შემდეგ ქვეყანამ გამოაცხადა თავისუფლება. ზუსტად ასე მოხდება. ჯერ პროდასავლური, პროქართული ეროვნული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და შემდეგ, ამ დარბაზში, ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას. ეს არის გამარჯვების ფორმულა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.